პოლიტიკა
მარტო 500 მეტრს არ ვედავებით, რუსეთთან გაცილებით უფრო დიდი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი - ზურაბ აბაშიძე

   საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. სოფელ ბერშუეთსა და ზემო სობისში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ზოლის 700 მეტრით გადმოწევა იქნება ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც ბრიუსელში ისაუბრებენ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ზურაბ აბაშიძე და დავით დონდუა ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახურისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრისას მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, პრაღის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

ზურაბ აბაშიძე ბრიუსელიდან პრაღაში გაემგზავრება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრისას ბორდერიზაციის პროცესი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს რუსეთთთან 500-მეტრიანი ტერიტორიის გარდა, "გაცილებით უფრო დიდი პრობლემები" აქვს.

„ჩვენ მარტო 500 მეტრს არ ვედავებით და 200 მეტრს, ჩვენ რუსეთთან გაცილებით უფრო დიდი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი და ადრე თუ გვიან, მე იმედი მაქვს, რომ მოვაგვარებთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.