საზოგადოება
ბრალდებები, თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე ან არ ჰქონდათ წყალი, სიცრუეა - თბილისის მერიის განცხადება

   საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ხანძრის მიზეზების და ზარალის ოდენობის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს. თბილისის მერიამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებები, თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე ან არ ჰქონდათ წყალი, სიცრუეა.

თბილისის მერია მოუწოდებს ყველას, ექსპერტიზის დასკვნამდე "ბრალდებებისა და ცილისმწამებლური განცხადებებისგან" თავი შეიკავონ და შექმნილი ვითარება პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოვაჭრეები დაზიანებულ საქონელთან მიმართებაში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან.

როგორც ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, დაზარალებულების დახმარებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ზარალის დათვლის შემდეგ მიიღება.

„კონკრეტულ ციფრებზე ვერ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვერდში დავუდგებით. კონკრეტული გადაწყვეტილებები საერთოდ არ ყოფილა, ეს გადაგვეტანა თუ არა. ამ ადამიანებს მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.