აქტუალური
უმრავლესობის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტი უკვე ორი მოსმენითაა მიღებული და მასში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოხდება

   საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. უმრავლესობის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტი უკვე ორი მოსმენითაა მიღებული და მასში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოხდება, თუმცა პარლამენტის რეგლამენტის 161-ე მუხლის  მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, პარლამენტმა მესამე მოსმენიდან კანონპროექტი ისევ მეორე მოსმენაზე დააბრუნოს. განმარტებები ამ თემაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა გააკეთა.

“მუშაობს ნორმა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პირველი და მეორე მოსმენით უნდა განიხილებოდეს ერთი სასესიო პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ამ სასესიო პერიოდის განმავლობაში პირველი მოსმენა უკვე ჩატარებულია, მეორე მოსმენა ჩატარებულია და მოტივირებული გადაწყვეტილებაც რომ მიიღოს პარლამენტმა, შეუძლებელია დაბრუნდეს იმიტომ, რომ ერთი სასესიო პერიოდის განმავლობაში ვერ მოესწრება ორივე მოსმენით განხილვა. შეუძლებელია რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენაზე დაბრუნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ იქნება საგაზაფხულო სესია, რომელიც მთავრდება დღეს. აქედან გამომდინარე, პრინციპი, რომ ერთ სესიაზე უნდა იქნეს განხილული ორი მოსმენით კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, დაირღვევა და ამიტომ შეუძლებელია დაბრუნება მესამედან მეორე მოსმენაზე“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.