სამართალი
კიბერთავდასხმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების და ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიის მეილებზე

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტში თითქმის ყველა წევრმა ერთდროულად მიიღო საფოსტო შეტყობინება, რომ მათ გზავნილებზე კიბერთავდასხმაა. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ამ საკითხზე მიმართვა არ ყოფილა, თუმცა უწყება ამ საკითხით დაინტერესდება და ჩაატარებს შესაბამის მოკვლევას.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ მსგავსი კიბერშეტევის საფრთხის წინაშე, ვირუსის შემცველი მეილის გახსნის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი კი აღნიშნავს, რომ შეტევა ყველა კომპიუტერზე განხორციელდა, თუმცა, როგორც ცნობილია, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა შეექმნა ასევე ფოთის პორტს, თუმცა შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა არა უშუალოდ ფოთის პორტზე, არამედ იმ კომპანიაზე, რომელიც პორტში ოპერირებს.