პოლიტიკა
"ჩვენ სრული კონტაქტი გვაქვს ჩვენს ქართველ კოლეგებთან... მივდივართ წინ და დრო გვიჩვენებს" - უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციაზე

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინი სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარს „რუსთავი 2“-თან აკეთებს:

„როგორც იცით, დღეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, მისი ექსტრადირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სრული კონტაქტი გვაქვს ჩვენს ქართველ კოლეგებთან. გვაკავშირებს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა, ჩვენ მივდივართ წინ და დრო გვიჩვენებს. სამ კვირაში პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლას აპირებს, დღის წესრიგი საკმაოდ კარგია და იმედი გვაქვს, რომ ის გააძლიერებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში", - აცხადებს ენინი.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, ევგენი ენინის განცხადებით, უცნობია, მოხდება თუ არა შეხვედრებისას სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვა: "არ ვიცი, განიხილავენ თუ არა ექსტრადირების საკითხს, რადგან პრეზიდენტის ვიზიტის დღის წესრიგის შინაარსი ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ მზად ვართ, ჩვენი ქართველი კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებს ვუპასუხოთ.