პოლიტიკა
“აფხაზეთის, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ნატოსთან ურთიერთქმედების გაღრმავების გამო” - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. “20-21 ივნისს ჟენევაში ამიერკავკასიის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მორიგი კონსულტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. რუსეთის დელეგაციას რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. კარასინი ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა მონაწილეთა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს გაზრდილ პოლიტიკურ აგრესიულობაზე, მის ცოტა ხნის წინანდელ გამოხდომებზე სხვადასხვა საერთაშორისო მოედანზე. ის, რომ საქართველომ მორიგჯერ შეიტანა გაეროს გენერალური ასამბლეის განსახილველად რეზოლუცია დევნილების შესახებ, რომ გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში პოლიტიზებული დოკუმენტების მიღების ინიცირება მოახდინა, არანაირად არ უწყობს ხელს ჰუმანიტარული პრობლემების რეალურ მოგვარებას. ეს ქმედებები მხოლოდ ქართული პროპაგანდის მიზნებს პასუხობს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თბილისის წარმოსახვითი იურისდიქციის დეკლარირებისთვის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს. ამავე დროს, მსგავსი ცალმხრივი ნაბიჯები ჟენევის დისკუსიების ფარგლებში დევნილთა თემაზე მსჯელობას აზრს უკარგავს და მოლაპარაკებათა მთელ პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს.

აფხაზეთის, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ნატოსთან ურთიერთქმედების გაღრმავების გამო. ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ, რომელიც თბილისში იქნა მიღებული, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ნატოს შაბლონური და ცალმხრივი მიდგომა ამიერკავკასიაში არსებული მდგომარეობისადმი. სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ამგვარი ვითარების არსებობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტის განხილვის მნიშვნელობას, როგორც პირველი რეალური ნაბიჯისა ერთი მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ხოლო მეორე მხრივ - საქართველოს შორის ამ თემაზე ორმხრივი შეთანხმების დადების გზაზე.

...შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 2017 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი”, - ნათქვამია, კერძოდ, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრესისთვის გაკეთებულ შეტყობინებაში.