პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტს აპროტესტებს და საერთაშორისო საზოგადოებას, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიას დახმარებისთვის მიმართავს

   საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. „ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც ჰქვია ფრანკენშტეინი და ფატობრივად, როგორც ფრანკენშტეინზე არის მიკერილ-მოკერილი სხვადასხვა სხეულებისგან, ისეა, ხან 2018-ში იწყებს მუშაობას, ხან 2020-ში, ხან 2024-ში“, - აცხადებს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

„ქართულმა ოცნებამ" ივაჭრა ვითომ მაჟორიტარებით. სინამდვილეში ეს მაჟორიტარები არიან მომწყვდეული ერთ მუჭში თავიანთი ბიზნესებით და ვითომ მიზეზად გამოაჩინა ის, რომ აი, ჩვენს გუნდში კონსენსუსს მივაღწიეთ და ა.შ. კობახიძეს ელემენტარული რამე არ ესმის, კონსენსუსს ოქრიაშვილთან კი არ უნდა მიაღწიო, ანუ პარტიის შიგნით, არამედ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის“, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.

„პროცესები დაიწყებს განვითარებას რადიკალური მიმართულებით. ეს არის უკვე პოლიტიკური ანა-ბანა და არსებული ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი“, - განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა გიორგი ახვლედიანმა.

„სხვა არაფერი გვრჩება, როგორც უკვე ვთქვით საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა", ზეწოლის სხვა მექანიზმები იქნება გამოყენებული, რასაც ჰქვია ქუჩის აქციები, მანიფესტაციები და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმები“, - განაცხადა ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ.