აქტუალური
რფ-ის შემადგენლობაში შესვლა თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოების რანგში ურთიერთთანამშრომლობა? - სამხრეთ ოსეთის ექსპერტებმა ბიბილოვის განცხადებას “წინააღმდეგობრივი” უწოდეს

   საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების შექმნიდან 25 წლისთავი მიულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრის დიმიტრი მედოევის ხელმძღვანელობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა ახალ დონეს მიაღწევს. “უფრო ენერგიული მუშაობის იმედი მაქვს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების მიმართულებითაც. რა თქმა უნდა, ეს მუშაობა აბსოლუტურ ურთიერთქმედებაში უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებასთან. იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას რუსეთთან ვათანხმებთ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სამხრეთ ოსეთის ბევრმა ექსპერტმა ბიბილოვის განცხადებას “წინააღმდეგობრივი” უწოდა, თუმცა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე პეტრე გასიევი ბიბილოვის სიტყვებში წინააღმდეგობას ვერ ხედავს: “ის თავის აზრს არ მალავს და მთელი ძალებით ეცდება, დააჩქაროს სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთის შემადგენლობაში ფედერაციის ცალკე სუბიექტის სახით, მაგრამ ამ პროცესს, შესაძლოა, განუსაზღვრელი დრო დასჭირდეს: ერთი წელი, ორი ან მეტი - ეს არავინ იცის... გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში უზარმაზარი სიჩქარით ვითარდება, ამიტომ სამხრეთ ოსეთმა უნდა გაითვალისწინოს შესაძლო რისკები და მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალიებიდან გამოვიდეს”.