აქტუალური
საქინფორმი: NDI–ს „გამოკვლევების“ ანალიზი უჩვენებს, რომ გამოკითხულთა 47% საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობას ადასტურებს, 53% კი უარყოფს

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. შეკითხვის - ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს? – პასუხად 47% ამბობს, რომ ეთანხმება, 27% არ ეთანხმება, 26%-მა არ იცის.

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია 12 მაისს გამართეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღკვეთისა და სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობმა ფონდმა (CRRC), რომლის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე საქართველოში საქინფორმი არაერთგზის იტყობინებოდა.

საქინფორმი: გამოდის, რომ „არ ვიცი“ პასუხგამცემ გამოკითხულთა 26%–ს საერთოდ არ სმენია „რუსული პროპაგანდის“ შესახებ. ჯამში, როგორც ყოველთვის, აშშ–ის ნაციონალ–დემოკრატიული ინსტიტუტის გაყალბებული გამოკითხვის შედეგების ობიექტურობაც რომ ვაღიაროთ, გამოდის, რომ 53% (27% „არ ვეთანხმები“+ 26% „არ ვიცი“) უარყოფენ საქართველოში „რუსული პროპაგანდის“ არსებობას.

მკვლევრების მიერ დასმულ შეკითხვაში პროპაგანდა ასე იყო განმარტებული: პროპაგანდა განიმარტება, როგორც დამახინჯებული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია რომელიმე ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა, მისი ქმედებების გამართლება და დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დანერგვა.

ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, ყველაზე მეტად რუსული პროპაგანდის არსებობის შესახებ ლაპარაკობს 36-55 წლის ასაკის მოსახლეობა (49%), მას მოსდევს 18-35 წლის მოსახლეობა (47%), შემდეგ კი 56 წელს ზემოთ მოსახლეობა (44%).

კვლევის მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა (39%) მიიჩნევს, რომ ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება რუსული პროპაგანდა, 34%-ის აზრით, ამის წყარო პოლიტიკური პარტიებია.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ NDI-ის მორიგი „კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია საქართველოში „რუსული პროპაგანდის“ არსებობის შესახებ შემთხვევით როდი დაემთხვა საქართველოში მისი დირექტორის – აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ვიზიტს, რომელმაც, გათვითცნობიერებული წყაროების ცნობით, კეისით ქეშად დიდი თანხა ჩამოიტანა დოლარებში – „რუსულ პროპაგანდასთან“ ბრძოლის ახალი „კეისისთვის“ და დაურიგა ოთხ პარტნიორ ენ–ჯე–ოს–, ტელეკომპანია რუსთავი 2“–ს და რამდენიმე პარლამენტარს.