პოლიტიკა
რაზე საუბრობდა პირისპირ „ევროატლანტიკური“ საქართველოს პრეზიდენტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ – ყაზახეთის პრეზიდენტთან?

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევმა აკორდას სასახლეში უმასპინძლა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. აღინიშნა, რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში.

შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე და მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.

ორივე ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დაადასტურა ერთგულება საზღვრების ურღვევობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.