პოლიტიკა
“ჩვენ ქართული ენის წინააღმდეგი არ ვართ... ეროვნების მიუხედავად, ხალხი, რომელიც ლენინგორის რაიონში ცხოვრობს - ჩვენია” - ანატოლი ბიბილოვი

   საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა - ფილიპ ხაჩიროვი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურად მსახურობდა.

რაიონის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას ის განათლების საკითხებს შეეხო. როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციის განათლების განყოფილების გამგემ აღნიშნა, რაიონის ზოგიერთ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი იმისა, რომ სკოლებში ქართული ენა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ და სამუშაოდ ისევ აქ ბრუნდებიან. ამიტომ ვალდებული ვართ, შესაბამისი პირობები შექმნის მიზნით, ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ამას არ უნდა მოყვეს აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც იკრძალება. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ. ეროვნების მიუხედავად, ხალხი, რომელიც ლენინგორის რაიონში ცხოვრობს - ჩვენია”, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ლენინგორის რაიონის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პასპორტები უნდა ჰქონდეთ: “უმთავრესი ამოცანა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას - ადამიანებამდე მივიტანოთ, რომ ისინი თავიანთ პრობლემებთან პირისპირ მარტო არ დარჩენილან, მათ პატივს სცემენ, უყვართ და აფასებენ”, - ხაზი გაუსვა ბიბილოვმა.