სამართალი
"ნუ ჩააგდებთ საფრთხეში!" - სამოქალაქო სექტორი ემრე ჩაბუქისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას ითხოვს

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, 7 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობდა. ადმინისტრაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციები, დემირელის კოლეჯის წარმომადგენლები და ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას, არ გადასცეს დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი თურქეთს, რადგან მუსტაფა ემრე ჩაბუქი, შესაძლოა, პოლიტიკური დევნის, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.

ემრე ჩაბუქის მხარდამჭერები ხელისუფლებისგან თურქეთის მოქალაქისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებასაც ითხოვენ.

ჩაბუქის ექსტრადიცია არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის ძალიან დიდი რისკის ქვეშ დაყენება. ეს იქნება უპატივცემულობა და დარღვევა ამ ქვეყნის კონსტიტუციის“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის პროცესი საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მუხლის შესაბამისად შეჩერებულია.

„დაწყებულია პროცედურა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დადებითად გადაწყდა ეს საკითხი, ბუნებრივია, შეწყდება ექსტრადიციის საქმე. თუ უარყოფითად გადაწყდა, გაგრძელდება“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.