პოლიტიკა
ქართული ღვინის იმპორტიორებს შორის პირველ ადგილს რუსეთი იკავებს - საქართველომ ღვინის ექსპორტი 64%-ით გაზარდა

   საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. საქართველომ 2017 წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე გაიტანა 24,75 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით მეტია. ამასთან, ამავე პერიოდში საქართველომ 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაგზავნა მსოფლიოს 41 ქვეყანაში, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს შეტყობინებაში.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით გაიზარდა. ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა.

სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ექსპორტირებული იქნა 14,8 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 96% შეადგინა.

მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც ექსპორტირებული იქნა 3,2 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო. ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 160% შეადგინა.

იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა უკრაინა - დაახლოებით 2,4 მლნ ბოთლი. ექსპორტის ზრდამ ამ ქვეყანაში 28% შეადგინა.

ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორთა ხუთეულში არიან აგრეთვე პოლონეთი და ყაზახეთი. ექსპორტმა ყაზახეთში 1 მლნ ბოთლზე მეტი შეადგინა, ხოლო პოლონეთში — 978,4 ათასი ბოთლი ღვინო.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტმა, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში განხორციელდა, 5,5 მილიონ ბოთლზე (0,5 ლ) მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66%-ით მეტია. ბრენდის ექსპორტმა ფულადი გამოსახულებით 13,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-მაისის პერიოდზე 73%-ით მეტია.

მთლიანობაში 2017 წლის იანვარ-მაისში ღვინის, ბრენდის, ჭაჭას, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 100,8 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 64%-ით მეტია.