პოლიტიკა
კოპერფილდს უნდა ვკითხოთ თუ ვადაჭკორიას, "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში როგორ გაჩნდა ადამიანი? - პრეზიდენტი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაყვანის ფაქტს ეხმაურება. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა აუდიტის სამსახურში ვიზიტისას გააკეთა.

დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. მინდა გითხრათ, რომ მეც, სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები, ვინც ვართ, კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ იმ ფაქტთან მიმართებაში, რაც თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს უკავშირდება. ჩვენ ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს, რომ ის ბრალდებები, რომლებიც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, იქნას ადეკვატურად პასუხგაცემული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ გაკეთებული განმარტებები მისთვის გაუგებარია.

"სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი, ბაქოში აღმოჩნდა და მთელი საზოგადოება ბავშვს რომ ფოკუსს აჩვენებენ, ასე ვსხედვართ და უნდა მოვიფიქროთ, რომ როგორ ხდება ასეთი რამე, რომ ადამიანი “ა” პუნქტში ქრება და “ბ” პუნქტში ჩნდება. არ ვიცი, ვის უნდა ვკითხო, კოპერფილდს, ვადაჭკორიას, ვის უნდა ვკითხოთ, რანაირად შეიძლება მოხდეს “ა” პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და “ბ” პუნქტში გაჩენა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.