აქტუალური
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას “საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ” აფხაზეთში არაფრის დამავალდებულებელი პროპაგანდისტული დოკუმენტი უწოდეს

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. “ცხადია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის პროექტში შეტანილი პროპაგანდისტული შტამპების კრებული, რომლებითაც ტრადიციულად ოპერირებენ საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლელი პარტნიორები, არანაირი სიახლით არ გამოირჩევა და მხოლოდ იმეორებს იმას, რაც არაერთხელ იყო ტირაჟირებული თბილისის და სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურის მიერ”, - ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
“მსგავსი არაფრის დამავალდებულებელი დეკლარაციების მიღების ნაცვლად ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტარებს უნდა ეზრუნათ ობიექტური ინფორმაციის მიღებაზე იმის შესახებ, რაც აფხაზეთის რესპუბლიკაში ხდება, და არ ეხელმძღვანელათ იმ დეზინფორმაციით, რომელსაც ქართული წყაროები ავრცელებენ. ასეთი მიდგომით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ საქართველოს სსრ დიდი ხანია, აღარ არსებობს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა 1993 წლიდან დამოუკიდებელია, ხოლო 2008 წლიდან აღიარებული სახელმწიფოა, რომელიც მუდმივ ზეწოლას განიცდის საქართველოს მხრიდან, რადგან ის რესპუბლიკის ფართომასშტაბიან საერთაშორისო იზოლაციას და მისი მოქალქეების დისკრიმინაციას ახორციელებს.
საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის ათვისებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხოლოდ საკუთარ ანგაჟირებულობასა და არაპროფესიონალიზმს ავლენს. ამგვარი პროპაგანდისტული გამოხდომები აშკარად არ უწყობს ხელს პროდუქტიულ დიალოგს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეთა ძალისხმევა ნულამდე დაჰყავს.
საქართველოს ღია წახალისება ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში ინტეგრაციისკენ საქართველოში რევანშისტულ განწყობებს წააქეზებს, შექმნის გადაჭარბებულ მოლოდინს, ამით კი მიმდინარე პოლიტიკური რეალიების ადეკვატურად აღქმის უნარს შეამცირებს”.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს, ამგვარი დოკუმენტების მიღების დროს ობიექტურობა შეინარჩუნოს და რეკომენდაციას აძლევს - უარი თქვას ოფიციალური ქართული პროპაგანდის გაცვეთილი შტამპების გამოყენებაზე და ინფორმაციის ალტერნატიულ და ობიექტურ წყაროებს მიმართოს.