სამართალი
საზოგადოება პოლიტიკოსებს უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ხარისხიან სასამართლოს - პრეზიდენტი მარგველაშვილი

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 29 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა.

ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გამოიყვანს ქართვე საზოგადოებას სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგი ერთმანეთთან.

აუცილებელია, შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, რომელიც არის საზოგადოებაში. აუცილებელია, ჩვენ შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. უმნიშვნელოვანესი, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, არის ქართველი საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა, რომელიც პოლიტიკოსებმა სწორად უნდა აღვიქვათ და გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქართველი საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის მეტ თავისუფლებას, უფრო ხარისხიან სასამართლოს და ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია, რომ გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.