საზოგადოება
“იყავით იქ, სადაც ბრძანდებით!” - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ ემიგრანტებს მოუწოდა, სამშობლოში არ დაბრუნდნენ (ვიდეო)

   საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. 27 მაისს გაიმართა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი სახელწოდებით ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის, რომელზეც ქართველ ემიგრანტებს ტრადიციულად მიმართა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„გულითადად მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ, რომ იმყოფებით სამშობლოში. რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში. ეხლა მე მოგიწოდებთ რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით! მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში (ვიდეო იხ. აქ).

ეს საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის და მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომელნიც მოღვაწეობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში, გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი, ქართული კულტურისა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის, და ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ.

ბოლოს მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება, თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, ამავე დროს თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები თქვენი არის საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობელი ვარ, რასაც აკეთებთ. ღმერთმა ინებოს, გაერთიანდეს საქართველო და აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდეს“, - ბრძანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.