პუბლიკაციები
„ვშიშობ, რომ საქართველოს გამთლიანება, დასავლეთის და რუსეთის „მორიგების პროცესის მიღმა დარჩება!“

   დიახ, მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ისეთი მასშტაბის ფორუმის საქართველოში გამართვა, როგორიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაა!.. მაგრამ, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან თუ კვლავაც ასე ცალმხრივად, „სააკაშვილის სტილში“ გაგრძელდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემისადმი დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგია, მაშინ ამას აუცილებლად მოყვება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია (სეპარატისტებს აყოლილი ოსები მუხლდაჩოქილები ევედრებიან რუსებს, რომ მათ ხვალვე მიიერთონ ცხინვალის რეგიონი)!

ვითარება საგანგაშოა და ჩვენი ორი რეგიონის მოსალოდნელი ანექსია, როგორც ჩანს, დასავლეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის „დიდი შვება იქნება“ (უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ, „უპრობლემოდ“ მიგვიღებენ ნატო-ში!) და ამის უტყუარი ნიშნები უკვე აშკარად ჩანს!

დიახ, „არაღიარების“ პოლიტიკა მუდმივად ვერ გაგრძელდება, რადგანაც დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესში არ შედის რუსეთთან „დაუსრულებელი დაპირისპირება“ და არის საშიშროება, - „ერთ მშვენიერ დღეს იგი დასრულდეს“ ისე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგეს, ანუ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება დასავლეთის და რუსეთის „მორიგების პროცესის მიღმა დარჩეს!“ დიახაც, არც მალავენ, აგერ, ახლახან ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჟენევის სამშვიდო ფორმატის თანათავმჯდომარემ(!), უმაღლესი რანგის დიპლომატმა ჰერბერტ ზალბერმა, ცხინვალში "ვიზიტისას ე.წ. პრეზიდენტობა მიულოცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს?!“

ეს კატასტროფაა იმ სტრატეგიის, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ქვეყნის უპირველესი პრობლემის მოსაგვარებლად! რა არის იცით, როდესაც ათასზე მეტ ქართველ ჯარისკაცს წლების მანძილზე აგზავნი ცხელ წერტილებში (ავღანეთი, ერაყი), სადაც დასავლეთს (ნატოს) ცოცხალი ძალის „პრობლემა აქვს“, მაშინ დასავლეთს მხოლოდ წევრობაზე კი არ უნდა „ემათხოვრო“, არამედ უწინარესად, - სწორედ რუსეთთან შუამავლობა უნდა სთხოვო მათ, რათა შენი ყველაზე მთავარი პრობლემის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაგეხმარონ!!!

ჩვენი ხელისუფლება კი, „რა სტრატეგიას და ტაქტიკას აწვება?!“ დასავლეთს ელაქუცებიან, - მოგვიღეთ ნატოში და ევროკავშირშიო, ხოლო რუსეთთან, ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომელსაც ვერასდროს სამხედო ძალით ოკუპირებული რეგიონებიდან ვერ გადევნის, - „დასავლეთის თავმოსაწონად რიტორიკულ სიხისტეს არ ღალატობს“ (აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ქართველი და რუსი „პრიაწელების“ დიალოგია და მეტი არაფერი, სადაც რუსმა თხოვნა შეუსრულა ქართველს და „ბაზარზე შეუშვა!“)!

ხელისუფლებამ დროულად უნდა შეიგნოს, რომ ასეთი სტრატეგიით და ასეთი კადრებით, შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება! დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გაუხარდება, მაგრამ, არა სამუდამოდ დაკარგული აფხაზეთის და ჩრდილოეთ ქართლის სანაცვლოდ! ქართველი ხალხი, ამას არასდროს შეურიგდება და არ აპატიებს არც ერთ ხელისუფლებას! არადა, „საქმე მაქეთ მიდის“ და პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, სწორედ ამჟამინდელ ხელისუფალს დაეკისრება!!!

ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგ