აქტუალური
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აქ იმყოფება იმისთვის, რომ თვალსაჩინო გახადოს მხარდაჭერა საქართველოსადმი - პაოლო ალი

   საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გააკეთა. პაოლო ალიმ საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჩვენ უფრო და უფრო მეტად გვესმის, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება საქართველოში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის და ამ რეგიონის სტაბილურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა ქვეყნისათვის. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დაცვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. ასე რომ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, აქ ჩამოვსულიყავით, - განაცხადა პაოლო ალიმ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა დევიდ ჰობსმა აღნიშნა, რომ იშვიათად ხდება, როდესაც არაწევრ ქვეყნებში იმართება სესიები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.