საზოგადოება
“ხუდონის ელექტროსადგური თავისი სიმძლავრითა და სიდიდით მეორე პროექტი იქნება ქვეყანაში!” -საქართველოში ააშენებენ ობიექტს, რომლის ჩუქებაც მისთვის მოსკოვს 17 წლის წინ უნდოდა

   საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

"პროექტი მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: ერთი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, რადგან გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დამატებით მივიღოთ ელექტროენერგია და მეორე, ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან მშენებლობის დროს 2000 ადამიანი იქნება დასაქმებული და სამუშაოების დასრულების შემდეგ მუდმივი სამუშაო ადგილები შეიქმნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკება უახლოეს მომავალში დასრულდება და როდესაც იქნება მიღწეული შეთანხმება, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს.

მთავრობაში ხუდონჰესის ინვესტორისთვის ჩამორთმევის საკითხი განიხილება. ამის შესახებ კალაძემ განცხადება 19 აპრილს გააკეთა. მისი თქმით, პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და მისი განხორციელება, შესაძლოა, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს.

საქინფორმი მკითხველებს შეახსენებს, რომ გასული საუკუნის 90–იან წლებში, ზედ სსრკ–ის დაშლის წინ, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო საკავშირო მთავრობამ არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო სახსრებით. თუმცა საქართველოს ლიდერების ახალმა პლეადამ, „მწვანეთა პარტიის“ იმჟამინდელი ლიდერი ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, ხმაურიანი საპროტესტო აქციების შედეგად, მშენებლობა „მოსკოვის სასარგებლოდ საქართველოს ბუნებისთვის მიყენებული აუნაზღაურებელი ზარალის მიყენების“ საბაბით შეაჩერა, რაც უბრალო პიარსვლა იყო „ფერადი რევოლუციის“ მოსამზადებლად და ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი–ჟვანია–ბურჯანაძის „ვარდისფერ–რევოლუციური სამეულის“ მოსასვლელად.