პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა (ვიდეო)

   საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საუბრის თემები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება და სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იყო.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან მეგობრული ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატიც (ვიდეო იხ. აქ).

ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის კუთხით, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ, რომელიც წარმატებული პლატფორმაა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განსახილველად.

გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.