უცხოეთი
საუდის არაბეთში თავისი პირველი უცხოური ვიზიტისას აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 350 მლრდ დოლარიანი შეთანხმება გააფორმა

   საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის განმავლობაში, აშშ-ის და საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 350 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის შეთანხმებას, საიდანაც 110 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია რიადისათვის შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მიყიდვისათვის. ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ იბნ აჰმედ ალ ჯუბეირმა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს უწოდა „ისტორიული“.

19 მაისს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველ საერთაშორისო ტურნეში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში, ისრაელში, იტალიაში, ვატიკანსა და ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტები გაამყარებს ვაშინგტონის ურთიერთობას მთავარ მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთში. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 21 მაისს სიტყვით გამოვა რიადის რეგიონულ სამიტზე და მუსლიმანური სამყაროს ლიდერებს მოუწოდებს, რომ ერთიანი ძალით შეებრძოლონ ექსტრემიზმსა და შეუწყნარებლობას.