აქტუალური
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება სპეცოპერაციის ძალებისთვის 4-14 ივნისს საქართველოში გაიმართება

   საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორია უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გუშინ თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის გაძლიერდეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ.

მინისტრებმა ერთობლივ სწავლებებზე ისაუბრეს და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ მინისტერიალზეც გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის დინამიკა ძალიან პოზიტიური და მზარდია.