სამართალი
სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონი ლარის მითვისებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

   საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ბრალდებული ი.ც. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს ,,ჰიგიენა 2009“-ს დირექტორმა ი.ც-მ 2016 წლის მარტიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის  შპს ,,ჰიგიენა 2009“-ის  საბანკო ანგარიშზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განთავსებული სახსრებიდან, ნაღდი ანგარიშსწორებით გამოიტანა და  მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 004 188.27 ლარი. 
ი.ც. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მითვისება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით). 
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი. ც. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით განუსაზღვრა.