სამართალი
სააპელაციო სასამართლო: 2013 წლის 17 მაისს სახელმწიფომ ლგბტ–ს შეკრების უფლების დაცვა ვერ შეძლო

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ლგბტ–აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.

როგორც საია-ში აცხადებენ, სასამართლომ არაეფექტიანად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებები.

“სასამართლოს შეფასებით, სამინისტრო ვალდებული იყო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად.

მსგავს სიტუაციებში სახელმწიფოს გულგრილობა და უმოქმედობა, პრაქტიკულად, გულისხმობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალადობის წახალისებას, რაც ამ ყველაფრის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულების მაჩვენებელია.

ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო მსგავსი გამოცდილების გააზრების შემდგომ აღარ დაუშვებს წარსულის შეცდომებს და ეფექტურად შეძლებს ქვეყანაში შეკრების უფლების დაცვას”, - აღნიშნავენ საია–ში.