სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავეს.

გიორგი მათიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეფასების, შემდგომში აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 35 000 ლარი, საიდანაც 5000 ლარი წინასწარ აიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გიორგი მათიაშვილი თანხის გადაცემის დროს ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გადაცემული თანხა - 5000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.