პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის კომენტარი საქართველოს მიერ ე.წ. “ოკუპირებულ ტერიტორიათა შესახებ კანონის” მორიგ გამოყენებასთან დაკავშირებით

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას ქ. მოსკოვის ყოფილი მერის ი. ლუჟკოვის “არასასურველ პირთა” სიაში შეყვანის შესახებ მის მიერ ადრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების რამდენჯერმე მონახულების გამო.

როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომლებიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ასეთი ქმედების რაციონალურად ახსნა ძნელია - ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზებას ხომ საგრძნობი სარგებელი მოაქვს საქართველოს ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის.

ასეა თუ ისე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, რუსეთის მოქალაქეების ყურადღება კვლავ მიაპყროს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების საგულდაგულოდ შეფასების აუცილებლობას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ იური ლუჟკოვთან მიმართ, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით” გათვალისწინებული სანქციების რეალურად გამოყენება და „ვერდიქტი“ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა. თუმცა ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იყო სხვა შემთხვევებიც - რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ სიტუაციაში არაერთხელ დაექვემდებარნენ ჯარიმებს და  თავისუფლების აღკვეთასაც კი. შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 3 ათას აშშ დოლარამდე ოდენობით ან 4-წლიან პატიმრობას.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციას ფრიად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს თვითნებობისგან თანამოქალაქეთა დასაცავად.