აქტუალური
რატომ ეპყრობიან ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს ისე, როგორც დამნაშავეებს?! - საქინფორმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ბოლო ხანებში წესად იქცა ისრაელში ჩასული საქართველოს მოქალაქეების უკან გამობრუნება, თანაც მიზეზის აუხსნელად. როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც შეუფერხებლად შეიძინეს ორივე მიმართულებით ბილეთები, თელ-ავივის აეროპორტში აკავებენ, როგორც ბოროტმოქმედებს ან ტერორისტებს, დაკითხვას უწყობენ, შემდეგ კი უახლოესი რეისით (მათივე ხარჯზე, ადრე ნაყიდი უკან დასაბრუნებელი ბილეთის საფუძველზე) თბილისში ისტუმრებენ.

გარდა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები დიდ მატერიალურ ზარალს განიცდიან, მათ მორალური ზიანიც ადგებათ, რაც საქართველოს ისტორიაში ანალოგის არმქონე ქართულ-ებრაულ მეგობრობას ჩრდილს აყენებს. საქართველოს მოქალაქეები ისრაელში მიემგზავრებიან, რათა ნათესავები მოინახულონ ან ქვეყანა დაათვალიერონ, მაგრამ მათ აეროპორტის იქით არ უშვებენ: ცოლ-ქმარს, რომლებსაც პატარა ბავშვები ახლავთ, უხეშად დაჰკითხავენ, თანაც ცალ-ცალკე, ხოლო ფრენისგან დაღლილი ბავშვები, რომლებსაც ამ დამამცირებელი პროცედურის დროს დედა და მამა ერთმანეთს გადასცემენ, ნამდვილ ფსიქოლოგიურ შოკს იღებენ. შემდეგ მთელი რეისის მგზავრები პატარა ოთახში შეჰყავთ, რომელიც ციხის საკნისგან არაფრით განსხვავდება, იქ 24 საათის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე ამყოფებენ და ტუალეტშიც კი ჯგუფებად დაჰყავთ, როგორც პატიმრები.

საქინფორმი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და პრემიერ მინისტრისგან, შეასრულონ თავიანთი პირდაპირი მოვალეობები - რეაგირება მოახდინონ საპროტესტო ნოტით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით და სასწრაფო ზომები მიიღონ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს! თუკი ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ სიამაყეს და საკუთარი თავის პატივისცემას, აღარც სხვები გვცემენ პატივს...