პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს გერდ მიულერს შეხვდა

   საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მრავალ განზომილებას მოიცავს.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა გერდ მიულერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას, რომლის დეტალები მას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ფედერალური მინისტრი ასევე გამოვიდა ინიციატივით, გერმანიაში ჩატარდეს ერთობლივი საინვესტიციო ფორუმი, რომელიც გერმანელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიას მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში GIZ-ისა და KfW-ის პროექტების მეშვეობით გაწეული დახმარებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაში და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ფედერაციული რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.