საზოგადოება
ქალი, რომელიც მუგუდაში შვილის საფლავის გამო ტიროდა, სინამდვილეში ხანდოში ცხოვრობს და მისი შვილი იქ არის დაკრძალული - კალაძე

   საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრი ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დესტრუქციული ძალები ერთ-ერთი ქალის პირად ტრაგედიას საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ:

”ქალბატონი, რომელიც გუშინ იხილა ყველამ, გახლავთ ნინო წიკლაური. მას მართლაც გარდაცვლილი ჰყავს შვილი. მინდა, პირველ რიგში მივუსამძიმრო მას და ვუთხრა, რომ მე კარგად მესმის, რა არის შვილმკვდარი დედა, რადგან მეც შვილმკვდარი დედა მყავს ოჯახში. თუმცა, მინდა დაგანახოთ, თუ როგორ იყენებენ დესტრუქციული ძალები ამ ქალბატონის პირად ტრაგედიას პირადი ზრახვებისთვის. ჩვენ დავარწმუნეთ მოსახლეობა, რომ არანაირ საფლავებს არ ვთხრით და არსებობს კადრები, არსებობს რუკა, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს და სადაც არის საფლავები. ქალბატონი ნინო წიკლაურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი შვილი იყო მუგუდაში დამარხული, არასწორი ინფორმაციაა. ეს ქალბატონი ცხოვრობს სოფელ ხანდოში და მისი გარდაცვლილი შვილი დაკრძალულია სოფელ ხანდოს წინამარხის სასაფლაოზე”, - განაცხადა კახა კალაძემ.