სამართალი
ლაშა თორდია – ოთარ ფარცხალაძეს: ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს

   საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის განცხადებას პასუხობს.

ოთარ ფარცხალაძემ, რომელსაც ლაშა თორდია მასზე ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს, გამოაქვეყნა წერილი, სადაც  მომხდარში თორდიას ადანაშაულებს.

“პოსტსკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში მთავარმა აუდიტორმა ოთარ ფარცხალაძეს ნარკოლოგიური ტესტის გავლა შესთავაზა.

2-დღიანი ფიქრის შემდგომ ბატონმა ოთარმა დაისახა სტრატეგია, რომ გამომაცხადოს პათოლოგად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს. მე თუ პათოლოგი ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, თუ რისკენ აქვს მიდრეკილება ბატონ ოთარს, ეს არის ნარკოტიკები და მისი სახის გამომეტყველება ელ ცენტროში” ადასტურებდა ამ ფაქტს“, - განაცხადა, კერძოდ, ლაშა თორდიამ.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეს მილიონობით ქონება თბილისის მერიის დამსახურებით აქვს. ლაშა თორდიას აზრით, პროკურატურა ფარცხალაძესთან ათანხმებს გზას, თუ როგორ გამოიყვანონ ის ამ მდგომარეობიდან.

კონსულტაციაში არიან ერთმანეთთან, თუ როგორ შეიძლება, რომ ამ საქმიდან გამოძვრნენ, ამას უკვე ვატყობ, პირველი ნიშანი არის სწორედ ეს განცხადება“, - აღნიშნა თორდიამ.

ის დარწმუნებულია, რომ ამ დღეებში პროკურატურა მცირე ინციდენტის ვიდეომასალას გამოაქვეყნებს, რომელიც მას ერთი წლის წინ გადახდა და ამაზე დაფუძნებით განაგრძობენ მტკიცებას, რომ ლაშა თორდია პათოლოგი ლოთია. ის ამ მასალის გამოქვეყნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ითხოვს, რომ 12 მაისს მასზე მომხდარი თავდასხმის ვიდეოც გამოაქვეყნონ.