პოლიტიკა
ივანიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ გადამეკიდა ის ხალხი, ვისთანაც ერთად მანამდე ვიბრძოდი - გიორგი მარგველაშვილი (ვიდეო)

   საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა, განაცხადა, რომ ამ ფაქტს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს (ვიდეო იხ. აქ):

„ხშირად მისვამენ ამ კითხვას, არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა. ჩემს მიმართ არაფორმალური მმართველობა არ განხორციელებულა, მე ძალიან ბევრ ჭორს ვიგებ ძალიან ბევრ პოლიტიკურ ფიგურაზე, რომელიც დღეს ტრიალებს არენაზე, მეუბნებიან, რომ აი, ეს ამიტომ გააკეთა, ეს იმიტომ, დაავალეს და ა.შ. მე ჩემს პოლიტიკურ პოზიციებს ჭორებზე არ ვაგებ. ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ არის არაფორმალური მმართველობა და ვერც იმას, რომ არ არის. მე ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია. ისიც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ივანიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ დამიპირისპირდა, გადამეკიდა ის ხალხი, ვისთანაც ერთად მანამდე ვიბრძოდი. და რა არის ამის მიზეზი, ამის განსჯა მიმინდვია საზოგადოებისთვის", –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ოდიშთან“ ინტერვიუში.