პოლიტიკა
არცერთი ცენტი ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს! – რატომ მოაწერა ხელი ტრამპმა ბიუჯეტს, სადაც საქართველო ოკუპირებულ ქვეყნადაა მოხსენიებული (საქინფორმი)

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ძალაში კი დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, 6 მაისს შევიდა.

კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.

ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.

ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე. დოკუმენტის თანახმად,  ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დოკუმენტი ასევე ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ, ოკუპაციის სავარაუდო ხარჯების გათვლით.

საქინფორმი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ–ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში ასევე გამოყოფილია 100 მლნ დოლარი „ევროპაში რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ურთიერთქმედებისათვის“.

საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული წარმოადგენს პრეზიდენტ ტრამპის იძულებით დათმობასა და უბრალო პოლიტიკურ პიარსსვლას, სირიაზე აშშ–ის სარაკეტო იერიშის მსგავსად, რომელიც მიმართულია  „კრემლისა და პუტინის მიმართ მისი ზედმეტი სიმპატიების“ მითის გაქარწყლებისკენ.

სინამდვილეში, არავითარი რეალური მნიშვნელობა აშშ–ის 2017 წლის ბიუჯეტის ჩანაწერს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რატომღაც „ქართული დიპლომატიის დიდ გამარჯვებად“ შეაფასა, არ აქვს ორი მიზეზის გამო:

პირველი – ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ, ასევე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი აშშ–ს აქამდეც არასოდეს დაუფინანსებია;

მეორე – მას შემდეგ, რაც აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ბიუჯეტი 30,8%–ით – წელიწადში 5 მლრდ 219 მლნ დოლარით შეუკვეცა (მათ შორის პროგრამები საქართველოში 47,5 მლნდ დოლარიდან 28 მლნ–მდე წელიწადში – 41,1%), ევროპისთვის 100 მლნ „რუსეთის ზეგავლენასთან საბრძოლველად“ წარმოადგენს მინიმალურ წყალობას ზედმეტი ხმაურისა და ამერიკის პრეზიდენტის მიმართ „ზედმეტი პრორუსულობის“ ახალი ბრალდებების თავიდან ასაცილებლად.