აქტუალური
„რეგიონული უსაფრთხოება და შავ ზღვაზე მშენებარე პორტი“ – აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ–მინისტრი მიიღო

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. თეთრ სხლში გამართულ შეხვედრაზე მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის საუბრის ძირითად თემას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობა წარმოადგენდა. საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრეზიდენტისგან მიიღო გარანტია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით გაღრმავდება, მათ შორის: თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში. მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განიხილეს რეგიონული გამოწვევები, გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკული კომპანიების როლი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.