აქტუალური
„ოკუპირებული საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა“ – აშშ–ის სენატორებმა საქართველოს პრემიერს უმასპინძლეს

   საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ რონ ჯონსონს, კომიტეტის თანათავმჯდომარეს, სენატორ კრის მერფისა და სენატორ ჯინ შაჰინს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

სენატორთა მხრიდან ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტზე, სადაც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო პერიოდში გამოჩენილი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.