პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხს და დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისი მიულოცა

   საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. “გულითადად მოგილოცავთ დიდ დღესასწაულს - გამარჯვების დღეს. საერთო გმირობა ჩვენი მამა-პაპებისა, რომლებიც ფაშისტური ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში სიცოცხლეს არ ზოგავდნენ, სამუდამოდ დარჩება რუსეთისა და საქართველოს მოძმე ხალხების ერთიანობის სიმბოლოდ. გმირი-გამათავისუფლებლების მაგალითი მოგვიწოდებს, გავუფრთხილდეთ და გავამრავლოთ მეგობრობისა და ურთიერთგაგების საუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც დაგვეხმარა, ომის მძიმე წლები გადაგვეტანა და ერთად მივსულიყავით გამარჯვებასთან.

დღეს ჩვენ გვერდით ცოტაღა დარჩნენ ისინი, ვინც ურიცხვი მსხვერპლისა და დანაკარგის ფასად იმ საშინელ წლებში მშვიდობა და თავისუფლება დაიცვა. მათთვის (და იმათთვის, ვინც დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო) პატივის მიგების საუკეთესო საშუალება იქნება ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ისტორიის დამახინჯების, ფაშიზმისა და ნაციზმის დანაშაულებრივ ქმედებათა გამართლების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ.

გულწრფელად ვუსურვებ დიდი სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, ხოლო საქართველოს მოძმე ხალხს - აყვავებას და კეთილდღეობას”, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვაში საქართველოს ვეტერანებისა და მოქალაქეებისადმი.