პოლიტიკა
ტრამპის განკარგულებით, საქართველო აშშ-სგან წელიწადში 28 მილიონ დოლარს მიიღებს 47,5 მილიონის ნაცვლად - ამერიკა პოსტსაბჭოთა სივრციდან მიდის

   საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგრძნობლად შეამცირა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამები, შეკვეცა და ნაწილობრივ გაანულა სააგენტოს დაფინანსება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში.

ტრამპის გადაწყვეტილებით, USAID საერთოდ გამოვა ყველაზე მცირე დაფინანსების მქონე ოთხი ქვეყნიდან. ესენია: აზერბაიჯანი (იყო 7,7 მილიონი დოლარი წელიწადში), ბელარუსი (იყო 7,9 მილიონი დოლარი წელიწადში), ყაზახეთი (იყო 6,1 მილიონი დოლარი წელიწადში) და თურქმენეთი (იყო 3,9 მილიონი დოლარი წელიწადში).

უკრაინას დაფინანსება წელიწადში 570,9 მილიონიდან 177,8 მილიონ დოლარამდე შეუმცირდება (ანუ 68,8%-ით). სომხეთს - 17,6 მილიონიდან 4 მილიონ დოლარამდე წელიწადში (77%-ით). პროგრამები შეიკვეცა საქართველოში (წელიწადში 47, 5 მილიონი დოლარიდან 28 მილიონ დოლარამდე - 41,1%-ით), ყირგიზეთში (წელიწადში 44,8 მილიონი დოლარიდან 18 მილიონ დოლარამდე - 59,8%-ით), ტაჯიკეთში (წელიწადში 33 მილიონი დოლარიდან 17,3 მილიონ დოლარამდე - 47,6%-ით), ხოლო მოლდოვა წელიწადში 30, 431 მილიონი დოლარის ნაცვლად 16 მილიონს მიიღებს (-47,4%).

დსთ-ს ერთადერთი ქვეყანა, რომლის მხარდაჭერა USAID-ის მხრიდან გაიზარდა, უზბეკეთი გახლავთ - უზბეკური პროგრამის დაფინანსება 4,4%-ით იზრდება (წელიწადში 9,39 მილიონიდან 9,8 მილიონამდე), მაგრამ, ამასთან, მისი სტრუქტურა შეიცვალა: თანხის დიდი ნაწილი ეკონომიკის მხარდაჭერაზე იქნება მიმართული.

ევროპაში USAID-ის ხაზით პროგრამები 57,4%-ით შემცირდა - წელიწადში 854 მილიონი დოლარიდან 363,88 მილიონამდე. გაუქმებულია პროგრამები პოლონეთსა და ჩერნოგორიაში. ორივე ამერიკაში სააგენტოს დაფინანსება 38,9%-ით შემცირდა - წელიწადში 1,08 მილიარდი დოლარიდან 662 მილიონ დოლარამდე. გაუქმებულია პროგრამები ბრაზილიაში, კუბაში, ეკვადორში, იამაიკაში, ნიკარაგუაში, პარაგვაისა და ვენესუელაში. ჩინეთიდან USAID, პრაქტიკულად, გავიდა: ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამა განულებულია, ჯანდაცვის მხარდაჭერისთვის წელიწადში 1,5 მილიონი დოლარია გამოყოფილი. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი წელიწადში 227,163 მილიონი დოლარით ნაკლებით დაფინანსდება (ანუ 41,4%-ით) და მხოლოდ 321, 35 მილიონს მიიღებს. სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა 27,7%-ით ნაკლებს მიიღებს - წელიწადში 1,130 მილიარდს 1,563 მილიარდის ნაცვლად.

სეკვესტრისგან ყველაზე ნაკლებად ახლო აღმოსავლეთის (7,2%-ით, წელიწადში 1,732 მილიარდიდან 1,607 მილიარდამდე) და აფრიკული (13%-ით, 5,19 მილიარდამდე) პროგრამები დაზარალდება. საგრძნობლად გაფართოვდა ერაყის მხარდაჭერის პროგრამა - 144,9%-ით, წელიწადში 122,5 მილიარდიდან 300 მილიარდამდე. სირიაზე USAID 50%-ით მეტს დახარჯავს - ახლა სირიის პროგრამა წელიწადში 150 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სულ USAID-ზე აშშ წელიწადში 5,219 მილიარდ დოლარს დაზოგავს მთელ მსოფლიოში პროგრამების 30,8%-ით შემცირებით. ამიერიდან სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 11,74 მილიარდი დოლარი იქნება.