პოლიტიკა
უკან დასახევი არსად გვაქვს - ჩვენს ზურგს უკან პატარა საქართველოა და არა უზარმაზარი რუსეთი და აშშ! - არნო ხიდირბეგიშვილი

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. 2017 წლის 30 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელმაც სათავე დაუდო ახალ სახალხო მოძრაობას საქართველოში. საინფორმაციო მიტინგს ორგანიზება გაუკეთეს და ჩაატარეს ქართველი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილმა პატრიოტებმა - საზოგადო მოღვაწეებმა, უფლებადამცველებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა: სანდრო ბრეგაძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი კორკოტაშვილმა, გიორგი გაბედავამ, გიორგი გიგაურმა, ზაზა დავითაიამ, ლადო სადღობელაშვილმა, ემზარ კვიციანმა, მიხეილ ცილიკაშვილმა, მიხეილ ამისულაშვილმა, არნო ხიდირბეგიშვილმა და სხვებმა ქართველი ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას სამი მთავარი მოთხოვნა წაუყენეს:

1. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი იქნეს  თავი, რომელიც უცხოელებისთვის ქართული მიწების მიყიდვას კრძალავს;

2. კონსტიტუციაში შეტანილი იქნეს თავი, რომელიც საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას კრძალავს;

3. 12 აგვისტო გამოცხადდეს სახელმწიფო დღესასწაულ “დიდგორობად”.

აგრეთვე: საქართველოში კანონგარეშე გამოცხადდეს სოროსის ფონდი და მის მიერ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები.

ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების ა.წ. 15 მაისამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობა მარიონეტული მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

“შიმშილობას მარტო ჩვენ არ მივმართავთ. მსურველთა სიები დგება და ისინი უკვე ბევრნი არიან! ჩემი თაობის მხრებზე ყველა იმ განსაცდელმა გადაიარა, რომელიც ჩვენს სამშობლოს 90-იანი წლების ბოლოდან დღემდე დაატყდა თავს, ამიტომ ორმაგად მტკივა, რომ დღეს ისევ იმ ადგილზე გვიწევს დგომა, სადაც ჯერ კიდევ 9 აპრილს და მთელი მომდევნო წლები ვიდექით, როდესაც აქ ჩემი თანამემამულეების სისხლი იღვრებოდა...

რატომ არ ვისწავლეთ ისტორიის გაკვეთილები?! რატომ დავაყენეთ ჩვენი კულტურა და ტრადიციები - ერთადერთი, რითაც საქართველო და ქართველები მთელი მსოფლიოსგან განსხვავდებიან - უცხოელების ინტერესებსა და მოთხოვნებზე დაბლა?! რატომ დავივიწყეთ მარტივი და მთავარი ფასეულობები, რომლებიც წინაპრებმა გვიანდერძეს - “ენა, მამული, სარწმუნოება”?!  დღეს აი, ამ შეკითხვებზე გვინდა, ხელისუფლებისგან ხმამაღალი და მკაფიო პასუხები მოვისმინოთ, როგორი უსიამოვნოც უნდა აღმოჩნდეს ისინი ბევრისათვის...

რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში ისევ გვიწევს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართოთ, როგორც არაერთხელ მომხდარა ძნელბედობის ჟამს... მაგრამ მე, ჩემს თანამოაზრეებსა და მეგობრებს უკან დასახევი აღარსად გვაქვს - ჩვენს ზურგს უკან ხომ პატარა დამცირებული საქართველოა და არა უზარმაზარი ბირთვული სუპერსახელმწიფოები - რუსეთი და აშშ!” - განუცხადა ჟურნალისტებს “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.