პოლიტიკა
7 მარტს თურქეთი საქართველოზე გამარჯვების დღეს ოფიციალურად აღნიშნავს, ჩვენ კი საქართველოში „დიდგორობის“ აღნიშვნის პრობლემა გვექმნება – 3 საკამათო საკითხი და ულტიმატუმი ხელისუფლებას

   საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. დიდგორობის დღესასწაულის უქმედ გამოცხადების ინიციატივის განხილვის თურქეთის ნეგატიური რეაქციის გამო შეჩერება, თურქული, არაბული, ჩინური და ინდური ოჯახების საქართველოში ჩამოსახლება, თელავსა და საგურამოში არაბული დასახლების მშენებლობა, უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისება  და ვენეციის კომისიის მიერ დაწუნებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეტანილი ქორწინების საკითხი - ეს იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რომელიც დღეს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გაჟღერდა. სოციალური ქსელით გავრცელებულმა მოწოდებამ - „დავიცვათ დიდგორის გამარჯვების დღე” ქვეყნის ბედით დაინტერესებული 200-მდე ადამიანი გააერთიანა.

აქციაში მონაწილეობა მიიღო „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

გიორგი გიგაური, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი:  ჩვენ დღეს, 30 აპრილს, ვიწყებთ ახალ მოძრაობას. აქ შეკრებილი ხალხის რიცხვი ასობით და ათასობით გაიზრდება. ხალხი მიხვდება, რომ უნდა გაინძრეს. უნდა უპატრონოს თავის სამშობლოს. ქართული მიწა არის ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი. მათთვის ქართული მიწა პროდუქტია, ჩვენთვის კი - სამშობლო. ჩვენ სამშობლოს ვერ დავთმობთ. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვაქვს,  არის ის, რომ ქართული მიწის გაყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს. საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწაზე. ვერავითარი ინვესტიცია მიწის გასხვისებას უცხოელებზე ვერ გაამართლებს. ამას ჩვენ ვერ შევეგუებით.

ზაზა დავითაია, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი: არ შეგეშინდეთ გეორგიანნო, რადგან საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ნაწინასწარმეტყველევია, რომ ჩვენი მიწა გადარჩება, იმიტომ, რომ  უფალი არ დაუშვებს ღვთითკურთხეული საქართველოს დაღუპვას, მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება, თუ ქართველი ხალხი გულზე ხელს დაიკრეფს და სამშობლოზე დარდს არაფრად მიიჩნევს. როცა საჭირო გახდება,  ჩვენ ისევ უნდა გამოვიდეთ. ისევ უნდა ვთქვათ ჩვენი ღირსეული სიტყვა. ჩვენ არაერთი მთავრობა ვაიძულეთ, რომ დაეთმო ხალხისთვის. ასე მოხდება ახლაც.

სანდრო ბრეგაძე, მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი : დღეს პარლამენტის წინ 200 ადამიანი  შეიკრიბა, მაგრამ მე გაძლევთ პირობას, რომ აქ 20 ათასი და 30 ათასი ადამიანი შეიკრიბება. დღევანდელი შეხვედრა, ვფიქრობ, იყო საინფორმაციო შეხვედრა. შევხვდით ერთმანეთს სოციალური ქსელის მეშვეობით. მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს შემდეგი: ჩვენ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ვადა 15 მაისამდე, რათა გადაწყვიტოს 3 საკითხი:

1. დიდგორობა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო დღესასწაულად და ქართველთა გამარჯვების დღედ. არანაირი თურქეთის და სხვა ქვეყნის ხელისუფლების ინტერესი არ უნდა იყოს გათვალისწინებული, მითუმეტეს, რომ 7 მარტს მთელი თურქეთის მასშტაბით  თურქები საქართველოზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ;

2. საქართველოს კონსტიტუციაში აუცილებლად  უნდა იყოს ასახული მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული მიწის გასხვისება უცხოელებზე აიკრძალება. ისევე, როგორც ეს არის სხვა ქვეყნებში;

3. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა რომელიც კონსტიტუციაში უნდა შესულიყო ამოღებული იქნება კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან. მოვითხოვთ ეს მუხლიც შევიდეს კონსტიტუციაში.

არის კონსულტაციები, რომ ახლი კონსტიტუცია არ გვჭირდება. 1921 წლის კონსტიტუცია, რომელიც თავის დროზე იყო მიღებული, საკმაოდ კარგად პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს. და შესაძლებელია, რომ 1921 წლის კონსტიტუციაზე დაყრდნობით მოხდეს ახალი კონსტიტუციის შედგენა.

ეს არის ის საკითხები, რომელმაც ჩვენ აქ შეგვკრიბა, ამიტომ 15 მაისამდე ჩვენ ვიწყებთ მოშიმშილეთა მობილიზაციას, რათა ამ მოთხოვნების შესრულებამდე პარლამენტის წინ მასობრივი შიმშილობის აქცია დაიწყოს.

გიორგი გაბედავა, ყოფილი პოლიტპატიმარი: შარშან მე ვიყავი თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ართვინში, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა. იქ ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც ჩვენზე უფრო მაგარ ქართველები არიან. რადგან 7 მარტს თურქეთი ოფიციალურად აღნიშნავს საქართველოზე გამარჯვების დღეს, მაგრამ ართვინში ამის აღნიშვნის უფლებას არ აძლევენ. ეს დღე თურქებისთვის დიდი დღესასწაულია. ჩვენ კი საქართველოში ვერ უნდა აღვნიშნოთ დიდი დღე - „დიდგორობა“? სუფრასთან რომ დავსხდებით, რისი სადღეგრძელო უნდა დავლოთ? მე ვერ წარმომიდგენია, რომ თუ ჩვენ არ აღვნიშნავთ 12 აგვისტოს „დიდგორობას“, მაშინ სირცხვილისგან ერთმანეთს თვალებში როგორ უნდა ჩავხედოთ?! რა თქმა უნდა, ოფიციალურად აღნიშვნაზეა საუბარი. თუ ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს არ დავაფასებთ, სხვა ჩვენ არ დაგვაფასებს.

მთავრობას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ ხალხის გვერდით დადგეს. ამ მთავობას მთავრობად ვერ აღვიქვამ, რადგან მთავრობა საქართველოში უფრო ამერიკის საელჩოა, რაში ვუხდით ფულს, ვერ ვხვდები. მთავრობამ ქართველი ხალხის პოზიცია ხომ უნდა გაიტანოს სადმე? იგივეს აკეთებდა სააკაშვილი ოღონდ სხვა მეთოდებით - ნორმალურ ხალხს ციხეში გვიშვებდა და საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებდა.

აქციის ორგანიზატორები ქვეყნის ინტერესების დასაცავად და აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად მთავრობას ვადას 15 მაისამდე აძლევენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

sazogadoeba.ge