პოლიტიკა
კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გააცნო.

„წარმოდგენილ პროექტში უგულებელყოფილია ამომრჩევლის უფლება, ხალხისთვის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის ნების წართმევით. თუმცა, კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რაც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის შედეგად უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე. საკონსტიტუციო მუშაობა უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსენსუსს და პრინციპულ საკითხებზე პლებისციტის ჩატარება მიგვაჩნია, რომ ძალიან საინტერესო იდეაა. ჩვენ გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან არასწორ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.