პოლიტიკა
ხაზი გავუსვით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, დააკანონოს ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია – პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

"საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში და ჩვენ მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ამ გზაზე. უნგრულ მხარეს კიდევ ერთხელ ვუთხარით მადლობა საქართველოს თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

“ხაზი გავუსვით 12 მარტს - ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნების, ასევე რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, რაც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.