პუბლიკაციები
ციანიდი ჩამიდეს! ისიც ვიცი, ვინც ჩამიდო, ეს პროკურატურას არ გაუკეთებია - მამა გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი

   საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი.

რუსთავი2-მა მამა გიორგი მამალაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კითხვები გაუგზავნა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის ქადაგებისას ნათქვამთან დაკავშირებით. 

- ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას თქვა, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა. რომ ის ამ საქმეში ჩახედულია, დეტალები იცის და სწორედ ამაზე დაყრდნობით ამბობს ამას. რატომ დაიწყო პატრიარქის ქორეპისკოპოსმა საუბარი ისევ უწმინდესის მკვლელობის მცდელობაზე?

*პასუხი: საქმე ისაა, რომ მართლაც თავიდან ბოლომდე არის ჩახედული მეუფე იაკობი ამ საქმეში და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ეს ცილისწამება და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს. მიღმურ სამყაროში ხარისხი და წოდება არ არსებობს. არც ის იქნება ეპისკოპოსი და არც მე დეკანოზი. უფალი განგვსჯის.

- თავდაპირველად პროკურატურაც, მეუფე იაკობის მსგავსად, ირიბად მიანიშნებდა პატრიარქის მკვლელობაზე, როდესაც საუბრობდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესახებ. მოგვიანებით კი ბრალდებაში არა სასულიერო პირის, არამედ შორენა თეთრუაშვილის სახელი აღმოჩნდა. რას უკავშირებთ პროკურატურის განსხვავებულ ვერსიებს?

*პასუხი: დიახ, ცოტა დაიბნენ, აღარ იცოდნენ, რომელი ვერსია იყო მათთვის ხელსაყრელი, თან მტკიცებულებებიც ძალიან მყიფე ჰქონდათ და გადაწყვიტეს, ბუნდოვნად დაეტოვებინათ თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა.

- თქვენი დაკავების შემდეგ ხელისუფლების პირველმა პირებმა თქვეს, რომ დიდი უბედურება იქნა თავიდან აცილებული. თქვენ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევთ. მაშინ რა უბედურება აიცილა ხელისუფლებამ?

*პასუხი: უბედურების თავიდან აცილებაზე საუბრობდნენ ისინი, ვინც თავიდანვე მოუწყვეს ეკლესიას უბედურება.

- თქვენ ხართ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, თუმცა თავად ამტკიცებთ, რომ ვერსია გამოგონილია, ხოლო გავრცელებული ფარული ჩანაწერები დამონტაჟებული და დამახინჯებული. რეალურად რაზე ელაპარაკებოდით ირაკლი მამალაძეს?

*პასუხი: პროკურატურამ, სამწუხაროდ, არ გამოაქვეყნა საუბრის ის ნაწილი, სადაც ჩანს, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა და ეს უხამსი სიტყვები მხოლოდ ფიგურალური გამოთქმები იყო. როგორც კი გაუთქმელობის შეზღუდვა მოიხსნება, ეს ვიდეოჩანაწერი სრულად გამოქვეყნდება და ნათელი მოეფინება ყოველივეს.

- პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერიდან ჩანს, რომ თქვენ მოწმეს ეკითხებით ციანიდის შესახებ. რისთვის გჭირდებოდათ შხამიანი ნივთიერება?

*პასუხი: დიახ, პროკურატურამ კარგად იცის, ვინ მთხოვა ამ ნივთიერების შეძენა და რისთვის. სწორედ გამიგეთ, ამ საკითხის დეტალებზე სასამართლოზე უნდა ვისაუბრო და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო ბევრი მხარის მიერ დაგებული მახე.

 - საიდან აღმოჩნდა თქვენს ბარგში ციანიდი?

*პასუხი: მე ეს ნივთიერება არც შემიძენია და არც ბარგში მქონია. დიახ, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო. საათები მოანდომეს ამ სიყალბეს. ეს პროკურატურას არ გაუკეთებია.

- სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებში დევს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აცხადებდა, რომ 2016 წლის აგვისტოში თქვენ ციანიდის მოძიებას მასაც სთხოვდით. ამ მოწმის მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების ექსპერტიზით კი დადგინდა, რომ თქვენ ამ პიროვნებას არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შეძენაში დახმარებას სთხოვდით. რისთვის გჭირდებოდათ გველის შხამი? 

*პასუხი: დიახ, აქაც აიბნა პროკურატურა. სცადეს მოწმის გამოყენება იმისთვის, რომ გაემყარებინათ ჩემ წინააღმდეგ მტკიცებულებები ციანიდთან დაკავშირებით, მაგრამ ტელეფონის ექსპერტიზამ არ დაადასტურა. ამ ფაქტის დეტალებზეც სასამართლოზე უნდა ვისაუბრო.

- თქვენ ითხოვდით შეხვედრას, თუმცა არ შეგხვდათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. შეიძლება ითქვას, თითქმის, არ გქონიათ მხარდაჭერა სასულიერო პირების მხრიდან. რატომ?

*პასუხი: მაცხოვრის სიტყვები მახსენდება: "ნუ გეშინინ მისა, რომელთა მოსწყვიდნეს ხორცი და ამისა შემდგომად არარაი აქვს უმეტესი - რაი გიყოს თქვენ, ხოლო გეტყვით თქვენ გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყვედისა ხელეწიფების შთაგდებად გეენიასა".

- თქვენ ერთ-ერთ წერილში წერთ, რომ თქვენი სურვილი იყო საპატრიარქოს კლინიკა საქართველოში საუკეთესო საავადმყოფოდ გექციათ და ასევე ამბობთ, რომ ამ ყველაფერს უამბიციოდ არ აკეთებდით. თქვენი მიზანი და ამბიცია რა იყო?

*პასუხი: მართლაც მინდოდა საპატრიარქოს კლინიკა საუკეთესო ყოფილიყო. მინდოდა, ეკლესიის ქონების განკარგვა გამჭვირვალე ყოფილიყო. მინდოდა, ქონება არა კერძო პირებს, არამედ ეკლესიის ინტერესებს მოხმარებოდა. ჩემი ამბიცია კი ის გახლდათ, რომ მე ამ საშვილიშვილო საქმის თანამონაწილე ვყოფილიყავი, ჩემი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. პატრიარქობის ამბიცია? არა, რასაკვირველია! დეკანოზის ჯვარიც კი მძიმე სატარებელი აღმოჩნდა ჩემთვის.