საზოგადოება
საქმე „ციანიდი პატრიარქისათვის“: თეთრუაშვილმა მამალაძეს გველის შხამის ყიდვა სთხოვა - ახალი დეტალები

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ამბობს, რომ მამალაძე 2016 წელს პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დავალებით გველის შხამსაც ეძებდა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, შხამისთვის თეთრუაშვილმა მამალაძეს 500 დოლარი გადასცა. ადვოკატი განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი საკუთარ ჩვენებაში მამა გიორგიმ თვითონ ახსენა, რის საფუძველზეც დაიკითხა ის პირი, ვისგანაც დეკანოზი გველის შხამის ყიდვას ცდილობდა.

ეს მოწმე რომ ცრუობდა, ექსპერტიზის დასკვნით გამოჩნდა. პროკურატურა მისი დახმარებით ცდილობდა ბრალის გამყარებას, თითქოს ამ საქმეში მხოლოდ ირაკლი მამალაძე კი არ ამხელს, ვითომ ადრეც სცადა ციანიდის ყიდვა. არადა, მამა გიორგი ჩვენებაში წერს, რომ შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა გველის შხამის შოვნა. უთხრა, მალამოების დასამზადებლად მჭირდებაო და 500 დოლარი მისცა. ეს მოხდა მაშინ, როცა შორენა ბათუმში იყო - 2016 წლის ზაფხულში. მამა გიორგი შეეცადა, ეშოვა და დაუკავშირდა კაცს, რომლის ვინაობას ახლა ვერ დაგისახელებთ. სწორედ ეს პირი დაასახელა მამა გიორგიმ ჩვენებაში და ამის შემდეგ დაჰკითხა ის გამოძიებამ. მაშინ მას ჰკითხა მამა გიორგიმ, გველის შხამი სად ვიყიდოო? ლაპარაკი იყო ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებზე... გაშიფრულია მამა გიორგის სატელეფონო საუბრები, მიმოწერა და მეილი. რუსულად არის მიმოწერა, სადაც გველის შხამზეა ლაპარაკი. ის კაცი სწერს, იყიდება, მაგრამ ოფიციალური პროცედურებია საჭირო, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეიძლება ყიდვაო. სთხოვა შორენამ და მამა გიორგიმაც გაიკითხა, მაგრამ ვერ უშოვა გველის შხამი”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

”ის პირი ჩვენებაში წერდა, ციანიდის შეძენა მთხოვაო, მაგრამ არ დადასტურდა. მერე ისევ დაჰკითხეს და ჩვენება შეცვალა, გველის შხამი და ციანიდი ერთი და იგივე მეგონა და ამიტომ ვთქვი ციანიდიო. ის 500 დოლარი მამა გიორგის შორენასთვის არ დაუბრუნებია, რადგან შორენამ ციანიდის შეძენა სთხოვა და უთხრა, ის ფული მაგაში გამოიყენეო”, - აღნიშნა ადვოკატმა.