სამართალი
სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპოლის დირექტორს რობ უეინრაითს შეხვდა

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრაზე საუბარი  ტერორიზმის წინააღმდეგ  ბრძოლის მიმართულებით ევროპოლსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.  ვახტანგ გომელაურმა რობ უეინრაითს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში  მიღწეული შედეგები  გააცნო.

რობ უეინრაითის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო გახდება ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა, რაც საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვალონ ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მიიღონ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ევროპოლისგან მიიღონ ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ევროპოლის საქმიანობა მიმართულია ისეთ დანაშაულებთან საბრძოლველად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორ ან მეტ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე ან ევროპის კავშირის საერთო ინტერესებს აზიანებენ.