სამართალი
საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა - დააკავებს თუ არა ევროპოლი სააკაშვილს?

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ევროპოლის დირექტორი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურად ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია.

ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ჩვენ ვხდებით ვეროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ხდება. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას! ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცავ უწყებებთან! ეს ნიშნავს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვით სფეროში!“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა.

დააკავებს თუ არა ევროპოლი საქართველოს მიერ მრავალი სისხლის სამართლის ბრალდებით ძებნაში გამოცხადებულ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს? და გადასცემს თუ არა გუშინდელი დღიდან თავის ოპერატიულ პარტნიორ საქართველოს?