პოლიტიკა
"პოლიციელის მუნდირი დაცულია მაშინ, როდესაც ის არა მარტო ებრძვის კრიმინალს, არამედ აკონტროლებს საკუთარ საქციელსაც"- ეკა მიშველაძე

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ეს განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. ეკა მიშველაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

„გვინდა, რომ მწუხარება გამოვთქვათ ამ ძალიან საზარელი ფაქტის გამო, როდესაც დღისით-მზისით ადამიანს თავს ესხმიან, თან ეს ყველაფერი მისი მეუღლის თანადასწრებით ხდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როგორც ახლო, ასევე შორეულ წარსულში, მსგავსი შემთხვევები თქვენც გახსენდებათ და სამწუხაროდ, ხდებოდა. ერთი, რომ მოხდა თავდასხმა ყოფილ მაღალჩინოსანზე, მეორე, როდესაც ცნობილი ჟურნალისტი აკეთებს ძალიან მწვავე განცხადებებს. სამართალდამცავები ასეთი ფაქტების გამოძიებისას გარკვეულ კორპორატიულ სოლიდარობას იჩენენ ერთმანეთის მიმართ. სამართალდამცავის და პოლიციელის მუნდირი დაცულია მაშინ, როდესაც ის არა მარტო ებრძვის კრიმინალს, არამედ აკონტროლებს საკუთარ საქციელსაც“,- განაცხადა ეკა მიშველაძემ.