აქტუალური
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ინე ერიქსენ სორეიდე  JTEC-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად იმყოფებოდა. ნორვეგიელ სტუმარს მასპინძლობა ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გაუწიეს. ინე ერიქსენ  სორეიდემ JTEC-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

მოგვიანებით ცენტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნორვეგიელმა ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა  სტუმრებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების, სტრუქტურის, ჩატარებული წვრთნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ბრიფინგზე სტუმრებს სიტყვით პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ  მიმართა და ნორვეგიულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი  წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.