აქტუალური
„თუ კონსტიტუცია ვენეციის კომისიამ უნდა დაგვიწეროს, განა შეიძლება, საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა ეწოდოს?” - ნიკოლოზ მჟავანაძე

   საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. თუ კონსტიტუცია ვენეციის კომისიამ უნდა დაგვიწეროს, თუ სასამართლოების გადაწყვეტილებას სტრასბურგმა უნდა გაუკეთოს რევიზია, თუ ხელისუფლება აშშ-ის ელჩმა უნდა დაგვინიშნოს, თუ მედია და არასამთავრობოები ქვეყნის საჯიჯგნად დასავლეთიდან უნდა დაგეშონ, ყველაფერ ამის შემდგომ განა შეიძლება საქართველოს დამოუკიდებელი ქვეყანა ეწოდოს? – ამის შესახებ “უფლებამდაცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე თავის ფეისბუქ–გვერდზე წერს და იქვე აღნიშნავს, რომ 31 მარტი არის უდიდესი გამარჯვების დღე.

„1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე წესით საქართველომ დიდი ზარზეიმით უნდა აღნიშნოს, რადგან 31 მარტი არის უდიდესი გამარჯვების დღე. რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნება დაედო საფუძვლად 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. რეფენდუმზე თავისი ნება გამოხატა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. რაც მთავარია, ეს არის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე! ადამიანისა, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობას“.