აქტუალური
საქინფორმი: საქართველო და უკრაინა მეგობრობენ პრეზიდენტებით, პრემიერებითა და მინისტრებით, თუმცა მოქალაქე მ. ს.–ს კიევი არ გადმოსცემს...

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიაორდღიანი ვიზიტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროში მიღების საზეიმო ცერემონიალით დაიწყო. თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდა. ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორია და სტეფან პოლტორაკი ხელს ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერენ.

დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან.

ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და  დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.

საქინფორმი მიანიშნებს თბილისსა და კიევს შორის ბოლო ხანს მეგობრული ურთიერთობების მკვეთრ აქტივაციაზე: საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის (ეს მისი პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში) ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის კიევში ვიზიტს მაშინვე მოჰყვა თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ვიზიტი, მანამდე კი თბილისში სარეაბილიტაციოდ მიიღეს ანტიტერორისტულ ოპერაციაში დაშავებული უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეთა მორიგი პარტია.

იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი მჭიდრო ინტეგრაციისა და პარტნიორობის პირობებში უკრაინა ბოლოსდაბლოს აღიარებს მის, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელ, შეცდომას და მთავარ პროკურატურას გადასცემს ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ საშიშ საერთაშორისო დამნაშავეს – უკრაინის ახალგამომცხვარ მოქალაქე მ. ს.–ს, რომელსაც ბევრი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ედება ბრალად.