აქტუალური
თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP) საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება

   საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ამერიკელ ექსპერტებს ბრუს ბახის ხელმძღვანელობით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება იყო.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკელ ექსპერტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათთან ერთად სტრატეგიული ბიუჯეტირების, რესურსების მართვისა და გრძელვადიანი შესყიდვების საკითხები განიხილეს.

2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს.